კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: გამოსაკვლევი ადამიანების წრე ფართოვდება, რაც შიდა გავრცელებას უკავშირდება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, თქმით, გაფართოვდება იმ ადამიანების სია, რომლებსაც ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული ტესტირება ჩაუტარდებათ. 

ამ საკითხის შესახებ დღეს შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც კერძო სექტორთან ერთად, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"სერიოზულად გაფართოვდება გამოსაკვლევი ადამიანების წრე, რაც უკავშირდება იმას, რომ ინფექციის გავრცელების სხვა სტადიაზე გადავიდა ქვეყანა, შიდა გავრცელება ხდება და სხვანაირი საპასუხო ზომებია განსახორციელებელი. ის, რაც კეთდებოდა, შეიძლება, საკმარისი აღარ იყოს. 25 ე.წ ცხელების ცენტრი იქნება გამოყოფილი,"- თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტესტირების პროტოკოლის შეცვლაზე საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძეც. 

"შედგა შეთანხმება, რომ შემუშავდეს სპეციალური ალგორითმი - ეს არის თანმიმდევრობა იმ ტესტებისა, რომელიც შეიძლება, ჩატარდეს დანარჩენ სიტუაციებში, რაც დღეს არ იფარება. ეს უპირველეს ყოვლისა არის ან ამბულატორიაში მოსული პაციენტი, ან ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელსაც აქვს სასუნთქი გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები,"- თქვა კამკამიძემ. 

აქამდე არსებული პროტოკოლის მიხედვით, ახალ კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ მათ უტარდებოდა, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია ან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. 

პროტოკოლის შეცვლასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის სამინისტროშიც იმსჯელეს. შეხვედრის დაწყებამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, თქვა, რომ დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.  

"გიდასტურებთ, რომ არის შეხვედრა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. შემუშავებულია ალგორითმი, რომელიც ჯერდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კერძო სექტორსა და კლინიცისტებს შორის და შემდგომ მოგვცემენ განმარტებებს,"- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

31 მარტის 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად 31 მარტიდან უკვე მოქმედებს ფაქტობრივი საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი. 

კომენტარები