ნავთობის ბაზარი

31 მარტის მონაცემებით, რუსული ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს

რუსული წარმოების ყველაზე მოთხოვნადი, URALS-ის მარკის ნავთობის ფასი 31 მარტს 13 დოლარამდე დაეცა, ეს 1999 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს გამოცემა Argus Media ავრცელებს. 

მოთხოვნის შემცირების ფონზე, იზრდება ფასდაკლებები, რომელსაც მწარმოებლები შემკვეთებს სთავაზობენ. ამ დროისთვის ფასდაკლება ბარელზე 2,5 დოლარს შეადგენს. პარასკევთან შედარებით რუსული ნავთობის ფასი 20%-ით არის შემცირებული. 

ამგვარად, დღევანდელი მონაცემებით, რუსული წარმოების ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს. შედარებისთვის მაზუთის ფასი ამ დროისთვის 14 დოლარია. ეს ბოლო ათწლეულების სულ მეორე შემთხვევაა, როდესაც ნავთობი მაზუთზე იაფი ღირს. 

მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის და ფასის გამო, 30 მარტიდან რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე უარყოფითი უკუგება ფიქსირდება - ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გასაყიდი ფასია.

21-ე საუკენეში რუსული ნავთობის ფასი ამ ნიშნულამდე არცერთხელ არ დავარდნილა. უნდა ითქვას, რომ ეს ფასი სხვა ყველაფერთან ერთად პროდუქციის შემკვეთამდე ტრანსპორტირებასაც მოიცავს, ამის გამოკლებით რუსული ნავთობის ფასი 12 დოლარზე ნაკლებია.

ნავთობის ფასების შემცირება თავდაპირველად ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას მოყვა. ფასების ვარდნამ უფრო მკვეთრი და მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წლის შეთანხმება ჩაიშალა. 

მხარეები ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც ავტომატურად მანამდე არსებული შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ საუდის არაბეთმა მოპოვების რეკორდულად ზრდის გეგმის შესახებ განაცხადა. უკვე პირველი აპრილიდან საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

მოპოვების ტემპების გაზრდას გეგმავენ რუსეთშიც, საუბარია დღეში, დაახლოებით 300 ათას ბარელზე.

უფრო მეტი ნავთობის ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესახებ გაიგეთ აქ.

კომენტარები