ცენტრალური საარჩევნო კომისია

მიქელაძე: ჰაკერულ საიტზე განთავსებული ინფორმაცია ცესკოს მონაცემთა ბაზიდან არ არის

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლების შესახებ ჰაკერულ საიტზე განთავსებული ინფორმაცია მათი ბაზიდან არ არის.

ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ტაბულას უთხრა:

"ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ინფორმაცია რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმატისგან, სადაც ამომრჩევლების მონაცემებია განთავსებული.

არ ემთხვევა ჩვენს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს. ჩვენს ბაზაში არის 3,5 მილიონი ადამიანის მონაცემები - სტატიაში საუბარია 4,9 მილიონ ადამიანზე. ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ, ასევე არ გვაქვს ინფორმაცია ამომრჩევლის მამის შესახებ, არ გვაქვს ტელეფონის ნომერი, არც პირადობის მოწმობის ნომერს. შესაბამისად, ეს არის სხვა ბაზა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგაწოდებთ".

ინფორმაცია, რომ ქართველი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნდა. გამოცემა zdnet-მა გამოაქვეყნა

გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კომპანიამ Under the Breach აღმოაჩინა და zdnet-ს მიაწოდა. მონაცემთა ბაზა 4 934 863 ადამიანის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ამომრჩევლის პირად მონაცემებს შეიცავს - მათ შორის მისამართს, პირად ნომერს, დაბადების თარიღსა და მობილური ტელეფონის ნომერს. ბაზის ნაწილს გარდაცვლილი მოქალაქეები შეადგენენ.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. უწყებაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. როგორც უწყებაში განაცხადეს, მიმდინარეობს საქმის შესწავლა. დამატებითი დეტალების შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ერთი მესამედი არასრულწლოვანია და არჩევნებში არ მონაწილეობს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

კომენტარები