ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკოს ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

ცესკო

ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლები მართავენ.

შეხვედრაზე შესვლამდე, დელეგაციის წევრებს აქციის მონაწილეებმა მიმართვა მისცეს. მათი თქმით, მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ცესკო რაიონულ წარმომადგენლობებში ახალ თანამშრომლებს პარტიული ნიშნით არჩევს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები 4 თებერვლის სხდომაზე აირჩია. ცესკოში აცხადებენ, რომ ცალკეული პირები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ და მათ კერძო მიზნები აქვთ. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას სრულად იყო დაცული კანონმდებლობა და ამ დრომდე სასამართლოში შედეგები არავის გაუსაჩივრებია. მისივე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქედი წევრია და წელს 193 წევრს შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. მათგან 55-ს უფლებამოსილება გაუგრძელდა, დანარჩენი კი ჩაანაცვლეს. ანა მიქელაძის თქმით, ყველა მათგანს აქვს გამოცდილება.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს კომისიის ყოფილი წევრებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. საიაში ტაბულას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კანდიდატისთვის პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭება დადასტურდება, მიუკერძოებელი არჩევნები კითხვის ქვეშ დადგება. რაც შეეხება კომისიის წევრების შერჩევის პროცესს, ლელა ტალიურის თქმით, პროცედურული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა ცესკო-ს 2012 წლის დებულებით, გადაწყვეტლების მიღება კანდიდატთან გასაუბრების გარეშე, მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება. საია-ს აზრით, ეს უნდა შეიცვალოს.

ტაბულა დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას მუდმივმოქმედი წევრები ჰყავს, ანუ 2006 წლიდან, ყოფილა თუ არა ერთდროულად 100-ზე მეტი ადამიანის შეცვლის პრეცედენტი. ცესკო-ში ამ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ როტაცია ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები