ცენტრალური საარჩევნო კომისია

ენმ: ცესკო საოლქო კომისიებს პარტიული აქტივისტებით აკომპლექტებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ცესკო საოლქო კომისიებს პარტიული აქტივისტებით და პირადი კავშირების მქონე პირებით აკომპლექტებს. პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, საოლქო კომისიის 182 წევრიდან 74 - პოლიტიკურად აქტიური და კონკრეტული პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანი დანიშნა.

"ნაცვლად იმისა, რომ ცესკო ზრუნავდეს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას. საოლქო კომისიების ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეს კომისიები განიხილავენ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს. ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო სექტორმა ცესკო-ს მიაწოდა კონკრეტული ფაქტები ამ პირების პოლიტიკური კავშრების/კუთვნილების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხოლოდ პარტიული წევრების მიერ და ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ცესკო-ს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და სხვა კონკურსის წესით არჩეული და ნეიტრალიტეტის ვალდებულების მქონე წევრების მონაწილეობით და მითითებით განხორციელდა", - თქვა ბოკუჩავამ.

დეპუტატის ინფორმაციით, უახლოს დღეებში, საოლქო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეებს. მისი თქმით, ენმ-ისთვის ცნობილია, რომ მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად დაინიშნებიან სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები.

"მაგალითად, თელავში, დღეს ჩატარდება სხდომა, სადაც აირჩევენ გიორგი კალმახელიძეს, რომელიც არის თელავის მერის პლატონ (პაატა) კალმახელიძის ბიძაშვილი. საყურადღებოა, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში საოლქო კომისიის წევრად არჩევის დროს, იგი იყო საბერძნეთში და დღეს საგანგებოდ ჩამოაფრინეს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად; ასევე უახლოეს დღეებში, აირჩევენ ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ლალი კიკაბიძეს, რომელიც 2013-2014 წლების არჩევნებზე ამავე საოლქო კომისიაში იყო დანიშნული პარტიიტდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; სამტრედიაში აირჩევენ ნინო ვაშაკიძეს, გამგებლის მოადგილის შვილს, რომელიც ასევე ქართული ოცნების აქტივისტია; ხობში აირჩევენ დათუნა ჯობავას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია; სენაკში აირჩევენ ცოტნე შუშანიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის კახა რუსიას მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ნეპოტიზმსა და კომისიის წევრების პოლიტიკური სიმპათიებით შერჩევაში ცესკოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილმაც დაადანაშაულა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები 4 თებერვლის სხდომაზე აირჩია. ცესკო-ში აცხადებენ, რომ ცალკეული პირები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ და მათ კერძო მიზნები აქვთ. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას სრულად იყო დაცული კანონმდებლობა და ამ დრომდე სასამართლოში შედეგები არავის გაუსაჩივრებია. მისივე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქედი წევრია და წელს 193 წევრს შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. მათგან 55-ს უფლებამოსილება გაუგრძელდა, დანარჩენი კი ჩაანაცვლეს. ანა მიქელაძის თქმით, ყველა მათგანს აქვს გამოცდილება.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს კომისიის ყოფილი წევრებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. საია-ში ტაბულას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კანდიდატისთვის პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭება დადასტურდება, მიუკერძოებელი არჩევნები კითხვის ქვეშ დადგება. რაც შეეხება კომისიის წევრების შერჩევის პროცესს, ლელა ტალიურის თქმით, პროცედურული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა ცესკო-ს 2012 წლის დებულებით, გადაწყვეტილების მიღება კანდიდატთან გასაუბრების გარეშე, მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება. საია-ს აზრით, ეს უნდა შეიცვალოს.

ტაბულა დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას მუდმივმოქმედი წევრები ჰყავს, ანუ 2006 წლიდან, ყოფილა თუ არა ერთდროულად 100-ზე მეტი ადამიანის შეცვლის პრეცედენტი. ცესკო-ში ამ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ როტაცია ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები