საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, მას აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრები გადაჰყავდა.
"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას" - აცხადებს შსს.
სამინისტროს ცნობითვე, პოლიციამ მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ექვსი ახალი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი ადმინისტრაციულად, 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. აკრძალულია საქალაქთშორისო გადაადგილება.
ქვეყანაში ინფიცირებულია 85 პაციენტი, მათგან 14 - გამოჯანმრთელდა.





