პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

Interpressnews

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 77 შემთხვევიდან, 34 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი განთავსებულია 5 სხვა მიმღებ კლინიკაში. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ამერიკას, მეორე კი საფრანგეთს უკავშირდება. ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანაარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდე უფრო ამძიმებს," - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ კიდევ სამი პაციენტია ინფექციურ საავადმყოფოში, ვისი მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. 

"ერთი ქალის მდგომარეობა,რომელსაც აქვს ჰიპერტონული დაავადება რამდენიმე დღეა უკვე სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა სიმძიმის პერიოდი. დანარჩენი ორი შემთხვევიდან, ერთი ასაკოვანი ქალის მდგომარეობა არის მძიმე. მას, გარდა ორმხრივი პნევმონისაა და თანაარსებული დაავადებისა, გამოუვლინდა სეფსისი. მესამე შემთხევა არის დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, აქაც დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს," - ამბობს ეზუგბაია. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 77 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4346 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები