კორონავირუსი და ეკლესია

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი: ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა

facebook: Saint Sava Monastery

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველის ინფორმაციით, მათ ეპარქიაში ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. ეპისკოპოსი მრევლს სახლში დარჩენისა და ლოცვისკენ მოუწოდებს. 

"არ მინდა, რომ პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან [აშშ-ში] ერთ-ერთ სტიქაროსანს ვირუსი დაუდგინდა, ამიტომაც შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ვირუსი, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება," - ამბობს მეუფე საბა.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. 

დღეს, 25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ.

კომენტარები