რას გულისხმობს საპატრიარქოს ახალი განცხადება და იცვლება თუ არა რამე?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და წმიდა ზიარების ერთი კოვზით დამკვიდრებული პრაქტიკა არ შეცვალა, საპატრიარქომ ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ასევე არაფერი შეცვალა.

საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, საპატრიარქოს უწევს პასუხისმგებლიანი ქცევის იმიტირება და კოსმეტიკური ცვლილებების დანერგვა, რომელიც არის რა კოსმეტიკური, არსებითად არაფერს ცვლის.

საზოგადოება ყოველდღიურად იგებს მორიგი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ღვთისმსახურებები ერისკაცთათვის ან შეცვალოს ზიარების პრაქტიკა. იგებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ეგზარქიებში - საზღვარგარეთის ეპარქიებში, ქართველ მღვდელმთავრებს უწევთ დამორჩილდნენ ადგილობრივი ხელისუფლებების მოთხოვნას - ან სრულიად შეაჩერონ ღვთისმსახურები ან არ დაუშვან წირვაზე ერისკაცები. ასევე, ცნობილი გახდა სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში კორონავირუსით ინფიცირებული არაერთი მღვდლისა და მღვდელმთავრის შესახებ, რომელთაც სხვადასხვა საეკლესიო წესის აღსრულებისას კონტაქტი ჰქონდათ მორწმუნე ერისკაცებთან.

მივყვეთ საპატრიარქოს განცხადებას ნაწილ-ნაწილ:

"ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები"

კათალიკოზის ადმინისტრაცია აქ პრაქტიკულად ღიად გვიმხელს შიშს - ჩვენივე გაფუჭებულზე პასუხისმგებლობა რომ არ დაგვეკისროს, ახლა რიხით დავწერთ და გავავრცელებთ განცხადებას და მოგვყვევითო. არაფერი ახალი. უპასუხისმგებლობის კლასიკაც ის არის, რომ პასუხისმგებლობის აღება არ გსურს. ვნახოთ, როგორ "ცდილობს" ეკლესია "უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვას"

"ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი - 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება)"

საქმე ის არის, რომ იმან "ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს" - არ იცის, რომ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ინფიცირებულმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. ტესტებს ტყუილად არ ვეზიდებით.

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად კვირის სხვადასხვა დღეებზე ხალხის გადანაწილება ნიშნავს მსახურებათა გამრავლებას. მარტივად - კვირის ნაცვლად მსახურებები ჩატარდება კიდევ ექვს სხვა დღეს, რაც ისედაც ტარდება და არ უნდა ტარდებოდეს. მაგრამ, აზრი? დისტანცირებულ და გადანაწილებულ ადამიანებს კვლავ ერთ კოვზს გამოავლებენ პირში.

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

აზრი? დისტანცირებულ და გადანაწილებულ ადამიანებს კვლავ ერთ კოვზს გამოავლებენ პირში.

ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით.

ორი აბზაცით ზევით, მსახურებები გაამრავლეს და ისინი კვირაში რამდენჯერმე ჩატარდება - ეს რამდენიმე წინადადებაში დაავიწყდათ. მეორე, მეტროპოლიტენსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავი რომ დავანებოთ ირელევანტურ შედარებას, კვლავაც, მრევლს ერთი კოვზით არ აზიარებენ.

განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

ანუ, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები უვიცები და ურწმუნოები არიან - მხოლოდ კათალიკოზ ილიას და მის ადმინისტრაციას შერჩა რწმენა.

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!

ერთი ბარძიმიდან ზიარება არავის გაუპრობლემებია - კოვზი გააპრობლემა. კოვზი. კოვზი. კოვზი.

გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

რუსული პროპაგანდის გავლენის აგენტობაში მხილებული ინსტიტუტი ამ სიტყვის გამოყენებას უნდა ერიდებოდეს, მაგრამ მაინც ვინ არიან ეს "პროპაგანდისტები" - მსოფლიო საპატრიარქო? სხვა საპატრიარქოები? 

(არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

რატომ, რატომ არ გულისხმობთ? უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის სხვა რეჟიმია - ხოლო საქართველოში მყოფთათვის სხვა? სულიწმიდას აქ ისე ნებავს, ხოლო საქართველოში სხვაგვარად? ტერიტორიული ღვთაებები შემოგვაქვს? თუ, უბრალოდ, ამერიკისა და იტალიის ხელისუფლებას ვერ გადაახტებით, ხოლო საქართველოსას ადვილად? 

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

ზემოთთქმული და ქვემოთქმული განცხადებების შემდეგ, ვინღა გაგიბედავს იმის თქმას, სახლში მაზიარეთო? ვის მოუნდება, მაცხოვრის ღალატი? ან, თქვენი მღვდლები მივლენ ასეთ "ურწმუნოებთან"?

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.

პრობლემის არსი სწორედ ის არის, რომ იმათი სიცოცხლე, ვისთვისაც ტაძარში მსახურებაზე დასწრება "სასიცოცხლოდ აუცილებელია" შესაძლოა დასრულდეს ან დაასრულოს სხვების. 

2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

აქ, ბოლო სიტყვის ჩასმით მაინც წაუცდათ ხელი იმ აზრის კულტივირებისკენ, რომ წმიდა ზიარება ვირუსებს ანადგურებს.

ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

დიდი მადლობა, კირიონს, ლეონიდესა და ამბროსის მიბაძეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

კორონავირუსიც აქვეა!


იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!

სისულელის წინაშე ღმერთიც კი უძლურია!