კორონავირუსი საქართველოში

STOPCOV.GE-ის აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ვერსიები ემატება

partner.sciencenorway.no

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ შექმნილ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდს - stopcov.ge - ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება. 

მთყავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე არსებობს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში დაიხვეწება და ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სომხურენოვან ვერსიაზეც, რომელიც მალე ამოქმედდება. 

"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება,"- წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

StopCov.ge-ის აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ვერსიების შექმნა 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებას მოჰყვა.

ასეთი რეჟიმის გამოცხადების მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, “რაოდენობა კიდევ უფრო მეტია”.

ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ეს მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევაა, რაც შიდა გავრცელებას გულისხმობს - ქალი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ინფექცია. 

ვრცლად ამ პაციენტის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები