კორონავირუსი საქართველოში

შსს-მ მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, ორი პირი დააკავა

მარნეული ენმ/Fb.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, ორი პირი დააკავა. 

შსს-ის ცნობით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 მარტს მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,"- წერია განცხადებაში. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს და დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა, რადგან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ერთერთი მარნეული პაციენტი მაღაზიაში მუშაობდა და ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოკვლეულია ქალის 90-მდე კონტაქტი, თუმცა "გაცილებით მეტია". პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით კი, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში (წლისთავი) მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამინებიც მონაწილეობდნენ. 

კომენტარები