ლისის ტბის ადმინისტრაცია ხალხს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, თავი შეიკავონ ტბაზე სტუმრობისგან.
განცხადება მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.
"ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
#დარჩისახლში", - წერია განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული 61 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანი იმყოფება.
კარანტინში მოთავსებულია 3320 პირი. ამ პირების გარდა, ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი 23 მარტის 01:00 საათიდან კარანტინშია.





