კრისტოფერ ნოლანი

კრისტოფერ ნოლანი: აშშ-ს კინოთეატრებში მომუშავე 150 000 ადამიანს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ

IW

წინა კვირა აშშ-ში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის  გამო ყველა კინოთეატრი დაიხურა, რაც კინოინდუსტრიისთვის საკმაოდ მძიმე ვითარებას ქმნის. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი მოუწოდებს საზოგადოებას, ამ კრიზისულ პერიოდში კინოთეატრებს დაეხმარონ. 

"როდესაც ადამიანები ფილმებზე ფიქრობენ, მათ უპირველესად ვარსკვლავები, სტუდიები, გლამური ახსენდებათ. თუმცა კინოთეატრების ბიზნესი  ყველაფერს მოიაზრებს: ადამიანებს, რომლებიც ყიდიან ბილეთებს, ჯავშნიან სეანსებს, აწესრიგებენ დარბაზს, ამზადებენ აპარატურას, ყიდიან რეკლამას. ბევრი ადამიანი, რომელსაც საათობრივად და არა რეგულარულად უხდიან ხელფასს ზრუნავს ჩვენი შეკრებისთვის დემოკრატიული და თავისუფალი სივრცის შექმნაზე. როგორც რეჟისორმა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სამუშაო არ იქნებოდა სრულფასოვანი და შემდგარი ამ ადამიანებისა და იმ საზოგადოების გარეშე, რომელსაც ისინი კინოთეატრებში მასპინძლობენ."

 "კინოთეატრები სიბნელემ მოიცვა და ცოტა ხანს ეს ასე იქნება,მაგრამ ფილმები, არგაყიდული პროდუქტებისგან განსხვავებით, თავიანთ ფასს არ კარგავენ. ამ მოკლევადიანი დანაკარგის აღდგენა მალევე იქნება შესაძლებელი. როდესაც ეს კრიზისი გადაივლის, საზოგადოების ერთობის, ერთად ტირილის, სიცილის, სიყვარულისა და ცხოვრების აუცილებლობა იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამის ფონზე  ახალი ფილმები შეძლებენ, რომ ჩვენს ეკონომიკაში მილიარდები შეიტანონ. ამიტომ, კინოთეატრების ბიზნესში მომუშავე 150 000 ადამიანს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მათ და საკუთარი თავების წინაშე ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება ის რასაც კინო გვთავაზობს."

კომენტარები