კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ჯამში 8 გამოჯანმრთელებული გვყავს, მათგან 5-მა კლინიკა უკვე დატოვა, 3 მალე დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მიმართულების დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ჯამში ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საიდანაც ხუთმა ადამიანმა უკვე დატოვა ინფექციური საავადმყოფო. 

რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, ეზუგბაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოჯანმრთელებულები არიან, მათ პარალელურად პნევმონია ჰქონდა და სწორედ ამის გამო, ისინი ჯერ არ გაუწერიათ. 

"დღეს გარკვეულწილად მოხდება სხვა მონაცემების კლინიკური შეფასება და თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება, უკვე ეს სამი ადამიანიც დატოვებს უახლოეს დღეებში ჩვენს ცენტრს,"- თქვა ეზუგბაიამ. 

23 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 8 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 3 254 ადამიანია გადაყვანილი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 მარტს ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს. ამასთან, ერთერთი ინფიცირებულის ყველა კონტაქტის შესაძლო ვერგამოვლენის გამო, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.

კომენტარები