კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში საეკლესიო რიტუალების რისკებზე ისაუბრა.

ცერცვაძის ამბობს, რომ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან ეკლესიამ "უკეთ იცის, რისი გაკეთების უფლება აქვს".

"ვერანაირად ვერ ჩავერევი ეკლესიის კომპეტენციაში, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას აქვს თავისი კონსტიტუცია, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით. მან უკეთ იცის საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა. ამიტომ, მე ვერ გავცემ ვერანაირ ოფიციალურ რეკომენდაციას ეკლესიისა და რელიგიური რიტუალების მიმართ." - აცხადებს ის.

ამისდა მიუხედავად, ცერცვაძის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ რელიგიური რიტუალების ნაწილი საფრთხეს შეიცავს:

"მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის - დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე, ვთქვათ, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა."

კომენტარები