კორონავირუსი

რიანას ფონდმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 5 მილიონი დოლარი გამოყო

Variety.com

რიანა იმ ცნობილი ადამიანების სიას უერთდება, რომლებმაც ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანხები გამოყვეს.

მომღერლის ფონდმა "Clara Lionel Foundation"-მა 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა ამერიკის, აფრიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ორგანიზაციებს, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულებს ეხმარებიან და მისი გავრცელების წინააღმდეგ იბრძვიან.

"არასდროს ყოფილა ამაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო, რომ დავეხმაროთ იზოლირებულ და გაჭირვებულ ადამიანებს - მათ, ვისაც პანდემია ყველაზე მეტად დაარტყამს", - წერის ფონდის განცხადებაში.

ფონდი ამერიკაში საკვების გამცემ საქველმოქმედო ორგანიზაციებს დააფინანსებს, რათა მათ შეძლონ ხანდაზმული ადამიანების საჭირო პროდუქტებით მომარაგება. აფრიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის კი შეიძენენ სამედიცინო აღჭურვილობას და დააფინანსებენ პაციენტების მკურნალობას.

რიანამ ფონდი 2012 წელს დაარსა, მისი ბებიისა და ბაბუის - კლარა და ლიონელ ბრეიტვაიტების საპატივცემულოდ.

კომენტარები