კორონავირუსი რუსეთში

სტავროპოლის მხარის მთავარი ინფექციონისტი რეგიონში Covid-19-ის გავრცელების პირველწყაროა

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, Covid-19-ის პირველი შემთხვევა ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების მთავარ ინფექციონისტს დაუდასტურდა. ირინა სანნიკოვა ორი კვირის უკან მივლინებით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც 3 დღე დაჰყო. 

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი მთავარი ინფექციონისტის სამუშაო ადგილი, ასევე, სამედიცინო კოლეჯი და უშუალოდ ინფექციური საავადმყოფო. როგორც ცნობილია, სანნიკოვამ დაარღვია დაწესებული შეზღუდვები - დამალა ესპანეთში ვიზიტის ფაქტი და ასევე, არ გაუვლია 14-დღიანი კარანტინი. 

ამ დროისთვის რეგიონში შემოწმებულია ათასზე მეტი ადამიანი - მათ სორის, ახალი 24 შესაძლო შემთხვევა, ხოლო დაკვირვების ქვეშ - 300 ადამიანი იმყოფება. 

სტავროპოლის მხარეში Covid-19-ის პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვლადიმიროვმა, გაავრცელა, სადაც დაზუსტებული იყო, რომ ინფიცირებული პირი ექიმია. მალევე გაირკვა, რომ რეგიონის პირველი ინფიცირებული მხარის მთავარი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია. სანნიკოვა მთავარი ინფექციონისტის თანამდებობას 2002 წლიდან იკავებს. 

რუსული გამოცემა RBC-ის ცნობით, სანნიკოვა ესპანეთში 6-9 მარტს იმყოფებოდა, ხოლო ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის შესახებ ხელმძღვანელობას არ აცნობა. მთავარმა ინფექციონისტმა, ასევე, არ დაიცვა 14 დღიანი კარანტინის სავალდებულო წესი. როგორც ცნობილია, სანნიკოვა სამსახურში მეორე დღესვე გავიდა.

ჰოსპიტალიზაციამდე სანნიკოვამ ადგილობრივი უნივერსიტეტში სტუდენტებთან რამდენიმე ლექცია წაიკითხა. მისი მონაწილეობით შედგა შეხვედრები ჯანდაცვის უწყებაში და ქალაქის მთავარ პოლიკლინიკაში. სანნიკოვა ჰოსპიტალში 17 მარტს გადაიყვანეს, სწორედ ამ დღეს დაუდასტურდა მას დიაგნოზი. 

მთავარი ინფექციონისტის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ტესტი ჩაუტარდა 1,200 ადამიანს. კარანტინშია გადაყვანილი ჯანდაცვის უწყების, სტუდენტების და სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი. ტესტები უტარდებათ ჩინოვნიკებს, რომლებიც ამ პერიოდში შეხვდნენ სანნიკოვას.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 301 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 ადამიანი.  

კომენტარები