საგანგებო მდგომარეობა

თურნავა: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ მიუხედავად ამისა შეუფერხებლად გაგრძელდება ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი, მათ შორის მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი და ის ეკონომიკური საქმიანობა, რაც ამ დრომდე არ იყო შეზღუდული:

"ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, შესაბამისად, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენმა სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს ეს პროცესი და სპეციალური მონიშვნები კეთდება, რა დისტანცია უნდა დაიცვან მომხმარებლებმა." თქვა მან.

ამჟამად შეჩერებულია სარესტორნე ბიზნესის საქმიანობა საკუთარ ფართებში, თუმცა მუშაობს რესტორნებისა და კაფე-ბარების ადგილზე მიტანის სერვისები. შეზღუდულია საცალო ვაჭრობა არასასურსათო მაღაზიებისათვის, თუმცა ნებადართულია ელექტრონული ვაჭრობა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერაა საჭირო. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა ნახეთ აქ.

კომენტარები