კორონავირუსი საქართველოში

რას ზღუდავს საგანგებო მდგომარეობა და რის უფლებას აძლევს მთავრობას - სრული ჩამონათვალი

meed.com

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. გადაწყვეტილება მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო. 

იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც პრემიერმინისტრმა გახარიამ მედიას გააცნო, საგანგებო მდგომარეობა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არც კომენდანტის საათის დაწესებას და არც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. 

საგანგებო მდგომარეობა, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს 10 ადამიანზე მეტის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

გთავაზობთ მთავრობის მიერ საგანგებოო რეჟიმში დასაწესებლად პრეზიდენტისთვის წარდგენილ შეზღუდვების სრულ სიას: 

  1. იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
  2. საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  3. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  4. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  5. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
  6. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  7. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების რეგულირებას;
  8. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონის წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
  9. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
  10. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად;
  11. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალდებულო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით;
  12. სამართალდამცავმა ორგანოება საგანგებო მდგომარეობის დროს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვისთვის უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პრეზიდენტის ბრძანება სჭირდება, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრემიერმინისტრმა. ბრძანების გამოცემისთანავე საგანგებო მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში ავტომატურად შედის ძალაში, რომლის დროსაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

თუკი 48 საათის განმავლობაში პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

კომენტარები