კორონავირუსი

ბოკერია: თუ მთავრობა შეკრებებზე შეზღუდვებს დააწესებს, ეს უნდა შეეხოს ეკლესიასაც

მორწმუნე ადამიანებს და მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან თვლიდნენ რომ მათი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ჩვენ, როცა გვესმის რომ კოვზით ზიარების დროს თურმე დაავადება არ გადადის. ეს ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება ამის სჯეროდეთ. თუმცა, ეს უფლება სამოქალაქო სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უფლება, ყველასი. ამიტომ, მთავრობა ვალდებულია, რომ თუკი სავალდებულო შეზღუდვებს დააწესებს შეკრებებზე, ან იმ ტიპის ქმედებებზე, რომელიც გავრცელების რისკებს ძალიან ზრდის, ეს შეეხოს ყველას - მათ შორის ყველაზე დიდ რელიგიურ კონფესიას, რაც არის მართლმადიდებლური ეკლესია და სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ეს ასე არ მოხდება. 

რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, როცა გაქვს დიდი გავლენა, ამას მოყვება პასუხისმგებლობაც და განცხადებები იმაზე, რომ ვცდით კოვზით თუ სხვანაირად გაკეთებას და თუ დადასტურდა დაავადების გადაცემა მერე გადავიფიქრებთო, არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი, რბილად რომ ვთქვა. არსებობს საღი აზრი, მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ ასეთი ქმედებებით გავრცელების რისკი იზრდება. ყველა შედარება ისტორიულ დევნასთან ქრისტიანობის არის უადგილო და ასევე უპასუხიმგებლო საქციელი იმიტომ, რომ ეს იდეების გავრცელების შეზღუდვა კი არ არის, ეს არის დაავადების გავრცელების რისკების შემცირება. აქედან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს ყველა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ერთი კოვზით ზიარების წესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში არ იცვლება.

კომენტარები