კორონავირუსი

ბოლო 24 საათში იტალიაში კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა

BBC

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში კიდევ 627 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა. ეს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ერთ დღეში დაინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

20 მარტის მონაცემებით, ჯამურად იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 032-ია, ინფიცირებულთა კი - 47 021. აქედან 5,129 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას კორონავირუსისგან ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ეპიდემია და სადაც 3 245 პირია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებული 37 860 ადამიანიდან 2 655-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

მსოფლიოში კორონავირუსი 259,685 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა - 10,549, ხოლო გამოჯანმრთელდა - 89 914.

კომენტარები