19 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში ახალ კორონავირუსს კიდევ 427 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 3 405. იტალიაში კორონავირუსისგან დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ ჩინეთს გაასწრო. ჩინეთში იანვრიდან ამ დრომდე ახალ ვირუსს 3 245 პირი ემსხვერპლა.
19 მარტს იტალიაში 5 322 დაინფიცირდა. ქვეყანაში ვირუსით დაავადების 41 035 შემთხვევა დადასტურდა. 4 440 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. 33 190 პაციენტი კვლავ განაგრძობს მკურნალობას. აქედან 2 498-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.
მსოფლიოში კორონავირუსი 236 703ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 834, გამოჯანმრთელებულია 86 676.





