კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს მასშტაბით, გამონაკლისების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

შეზღუდვა არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო, ბენზინგასამართ, საფოსტო ქსელს, ასევე საბანკო დაწესებულებებს.

ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სხდომას პრემიერი ხელმძღვანელობდა, მასში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც.

სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დამატებითი მკაცრი ზომების მიღება კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლამ განაპირობა.

"თავის დროზე შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები რისკისშემცველ ქვეყნებთან. იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, იწყება ქვეყანაში შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებულები ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გამკაცრების. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა, ასევე საბანკო განყოფილებებისა, უნდა დაიხუროს იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ," - თქვა გახარიამ.

პრემიერმა თქვა, რომ ეს ზომები "დროში შეზღუდული" იქნება და მათი მიღება აუცილებელია ვირუსის გადაცემის ტემპის შესაფერხებლად, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო სფეროს მასთან გამკლავებას გაუმარტივებს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაავადების 40 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები