კორონავირუსი

სუს: პირთა ჯგუფმა Covid19-თან დაკავშირებით ცრუ SMS-ები გაგზავნა და ქაოსის დათესვა სცადა

Shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პირთა ჯგუფმა, საქართველოს მოქალაქეებსის ნაწილს “მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები "კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ". სუს-ი აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. სუს-მა გამოძიება საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქმე პაატა ბურჭულაძის შვილების კომპანიებს ეხება - სწორედ SMS OFFICE-ის და "ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით გაიგზავნა შეტყობინებები.

"პირთა ჯგუფი შეეცადა, მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ცრუ შეტყობინებების გავრცელებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მყისიერად დაიწყო გამოძიება და
დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის და შემდგომში
დეზინფორმაციული შინაარსის მქონე შეტყობინებების საქართველოს მოსახლეობაში
გაგზავნის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გატარდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

დადგინდა, რომ შეტყობინებების გაგზავნა განხორციელდა კომპანიების - SMS
OFFICE-ის და "ემ ეს ჯგუფი"-ის სერვისების მეშვეობით. აღნიშნულ
კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის
შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური
ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა.

ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ
შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 18 მარტს ჩატარდა. შუქრი ბურჭულაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირები, "თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა“ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებებზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს დაეგზავნა ყალბი SMS შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

კომენტარები