ეკონომიკა

დავითაშვილი: 9 ძირითად საკვები პროდუქტის ფასზე ლარის კურსი არ აისახება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ძირითადი საკვები პროდუქტების ფასს ლარის გაცვლითი კურსის მერყეობისგან დაიცავს და ამისთვის საჭირო მექანიზმი უკვე არსებობს. 

დავითაშვილი ამბობს, რომ საკვები პროდუქტების უმსხვილეს იმპორტიორებთან შეჯერდნენ ძირითადი საკვები პროდუქტების 9 სახეობაზე, ესენია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შაქარი, რძის ფხვნილი, ფქვილი, ლობიო და წიწიბურა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ამ პროდუქციის გაძვირებას დააზღვევს. 

საუბარია ლარის გაცვლითი კურსის გავლენაზე ამ პროდუქციის ფასებზე. ამგვარად, სახელმწიფო ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმში დააზღვევს ამ პროდუქციის ფასებს. "მსხვილ მომწოდებლებს კომპენსაციის სახით ავუნაზღაურებთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და ლარის გაცვლითი კურსიდან, რათა მათ შეინარჩუნონ ფასები იმ პროდუქციაზე, რომლებზეც მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგებაა დამოკიდებული", — განაცხადა დავითაშვილმა. 

დავითალიშვილის თქმით, შეთანხმება მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან უკვე მიღწეულია და ჩამოთვლილ პროდუქციაზე გუშინდელი ფასები შენარჩუნდება. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ სხადასხვა ოპერატორების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკი არსებობს და სახელმწიფო ფასების მონიტორინგს დაიწყებს. 

სხვა საკითხებთან ერთად, ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში საკვები პროდუქციის მარაგებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანაში მარაგების საკმარისი რაოდენობაა და პანიკური შესყიდვების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები