ჩიქოვანი: COVID 19-ით ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა

ინტერპრესნიუსი

ახალი კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა. ეს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა.

მისი თქმით, ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

"ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, ვეხმარებით, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. შექმნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად, ოპერატიულად, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოში 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 262 ადამიანი.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები