აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

17 მარტის მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსი კამპანიის შემდეგ ნაბიჯებს ამომრჩევლებთან განიხილავს

ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი
Getty Images

2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლი კანდიდატის, ვერმონტის სენატორის, ბერნი სანდერსის კამპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ ის საკუთარ კამპანიას შეაფასებს და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავს.

"შემდეგი პრაიმერი 3 კვირაშია. სენატორი სანდერსი გამართავს საუბრებს თავის ამომრჩევლებთან და შეაფასებს საკუთარ კამპანიას. ამჟმად ის ფოკუსირებულია კორონავირუსზე მთავრობის პასუხზე, რათა უზრუნველყოს იმ ადამიანების დაცვა, ვინც ყველაზე მოწყვლადია." თქვა სანდერსის კამპანიის მენეჯერმა ფაიზ შაქირმა.

17 მარტს სანდერსი ფლორიდის, ილინოისის და არიზონას შტატებში გამართულ პრაიმერში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ბაიდენმა სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა მხარი მას დაუჭირონ:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

ამჟამად ბაიდენს 1,180 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 885. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ.

შემდეგი პრაიმერი პუერტო რიკოში 29 მარტს ჩატარდება.. 17 მარტს პრაიმერი უნდა გამართულიყო ოჰაიოს შტატშიც, თუმცა უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ის გადაიდო და 2 ივნისს გაიმართება. ივნისში გადაიტანეს პრაიმერი კიდევ რამდენიმე შტატში - ჯორჯიაში, ლუიზიანაში, მერილენდში და კენტუკიში.

10 მარტის პრაიმერში 6 შტატიდან მხოლოდ ერთში გამარჯვების შემდეგ სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

კომენტარები