საია

საია საარჩევნო კანონმდებლობის ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობის ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საია სადავოდ მიიჩნევს იმას, რომ გასაჩივრებული კანონი მას, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოში გაასაჩივროს "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარი. 

კერძოდ, საია მიიჩნევს, რომ "საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის პირველი ნაწილი და "საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ცესკოს N8/2012 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, სამართლიანი სასამართლოს უფლებას (31-ე მუხლის პირველი პუნქტი) ეწინააღმდეგება. 

ორგანიზაციის ცნობით, გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ, ადგენენ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ, განიხილონ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული განაცხადი/სარჩელი და მიიღონ გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ, განსაზღვრავენ ამ გადაწყვეტილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. 

"მართალია, სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენენ საარჩევნო განცხადება/საჩივრის განხილვის უფლებამოსილებას, თუმცა სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შემთხვევაში არ ითვალისწინებენ გასაჩივრების შესაძლებლობას. საიას სადავოდ გამხდარი ნორმების სწორედ ის ნორმატიული შინაარსი მიაჩნია არაკონსტიტუციურად, რომელიც მას, როგორც სადამკვრვებლო ორგანიზაციას, არ აძლევს უფლებას სასამართლოში გაასაჩივროს "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარი,"- წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

საიას, როგორც კონსტიტუციის 22-ე მუხლის საფუძველზე გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთერთ სტრატეგიულ ამოცანაა, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების გზით ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. ორგანიზაციით განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარე, მის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, გაერთიანების უფლების ფარგლებში დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და განცხადებით/საჩივრით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით. 

საია მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისა და, შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. 

"ამის საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების შეუმოწმებლობის შემთხვევაში შესაძლოა უფლებამოსილმა პირმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს ამომრჩეველთა უფლების საზიანოდ.

კერძოდ, შესაძლოა არსებობდეს ოქმის შედგენისთვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა უფლებამოსილმა პირმა იმის გათვალისწინებით, რომ მისი გადაწყვეტილება არ იქნება შემოწმებული სასამართლოს მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ არ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეაფერხებს საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობას.

ამგვარი სცენარის პირობებში, ვერც საია განახორციელებს საკუთარ ინტერესს - საარჩევნო პროცესზე განახორციელოს ეფექტური დაკვირვება და ვერც ამომრჩეველი ისარგებლებს ისეთი საარჩევნო სივრცით, სადაც შეძლებს ნების თავისუფლად გამოვლენას,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები