ავიარეისები

თურნავა: ავიაბილეთების ძალიან მაღალი ფასები ჩვენი თანამონაწილეობით დაიკლებს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობის შედეგად "სერიოზულად დაიკლებს" ავიაბილეთების ფასი, "რომელიც იწვევდა ბოლო დროს გარკვეულ კრიტიკას, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი იყო."

ამასთან, თურნავას თქმით, სახელმწიფო სუბსიდიით დაეხმარება ფრენებს, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ:

"იქ, სადაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციის პერიოდში, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა სახის დახმარება, ამისთვის გავუწევთ.

ეს არის სუბსიდია არა რომელიმე კომპანიის, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი

როგორც ის ამბობს, მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ბილეთებს არ აუღებს, არამედ საუბარია კომერციულად წამგებიანი ფრენების ნაწილობრივ დაფინანსებაზე.

"აქ საუბარი არ არის უფასო რეისებზე. აქ საუბარი არის კომერციულ რეისებზე, უბრალოდ იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, იმ პერიოდში, როდესაც ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს ამ კომპანიების და მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნებიან იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა იყოს კომერციულად მომგებიანი." - ამბობს თურნავა.

"ჩვენ გავიღებთ დახმარებას და შევავსებთ, მაგრამ ბილეთი იქნება ფასიანი."

 

კომენტარები