აშშ-ჩინეთი

ჩინეთი 3 ამერიკული გამოცემის 13 ჟურნალისტს პრესის აკრედიტაციას ჩამოართმევს

AFP

ჩინეთი 3 ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს პრესის აკრედიტაციას ჩამოართმევს, მათ შორის The New York Times-ის, Wall Street Journal-ის და Washington Post-ის. ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილის აკრედიტაციებს ვადა 2020 წელს გასდის. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ამ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ და მიზეზად აშშ-ის მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს.

გადაწყვეტილება შეეხება 13 ჟურნალისტს. მათ კონტინენტურ ჩინეთში, ჰონგ კონგსა და მაკაოში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ და პრესკარტები 10 დღეში უნდა ჩააბარონ. აღსანიშნავია, რომ წარსულში ჩინეთიდა ჟურნალისტების გაძევების შემთხვევებში მათ საშუალება ჰქონდათ მუშაობა ჰონგ კონგში ან მაკაოზე გაეგრძელებინათ, რადგან ამ ტერიტორიებზე საკუთარი მედია აკრედიტაციის წესები გააჩნიათ.

ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ხსენებულმა სამმა გამოცემამ, ასევე Time-მა და ამერიკის ხმამ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩინეთში მათი თანამშრომლების, ფინანსების, ოპერაციების და საკუთრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედია სააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა.

აღნიშნული შეზღუდვა იმ ჩინურ სახელმწიფო, პროპაგანდულ მედიებს ეხებათ, რომლებიც 18 თებერვალს აშშ-მა კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად, საგარეო მისებად გამოაცხადა - Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily.

19 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტს 3 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "ჩინეთი აზიის დაავადებული კაცია" გამო გააძევა. სტატიის ავტორმა ახალ კორონავირუსზე პეკინის რეაგირება გააკრიტიკა და განიხილა თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე.

ჩინეთი 2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები