სომხეთში ახალი კორონავირუსის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Getty Images

სომხეთის მთავრობამ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალურ ზომებში შედის მოსახლეობისათვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. სომხეთში არ შეუშვებენ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებსაც, სადაც ეპიდემია მძვინვარებს.

საგანგებო ზომები ძალაში 16 მარტიდან შევა და 16 აპრილამდე იმოქმედებს.

ამ პერიოდში აკრძალული იქნება საჯარო გამოსვლები, გაფიცვები, საჯარო ღონისძიებები, მათ შორის რელიგიური ცერემონიები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. კანონის მიხედვით საჯარო შეკრებად ითვლება 20 და მეტი ადამიანის თავყრილობა.

გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ რუს კოლეგასთან შეთანხმებას მიაღწიეს და ორ ქვეყანას შორის ფრენებს 2 კვირით შეაჩერებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში.

სომხეთმა უკვე დაკეტა საზღვრები ირანთან და საქართველოსთან. დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სომხეთში კორონავირუსით დაავადების 30 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინშია 300 ადამიანი.

იმის გამო, რომ დაავადების შემთხვევების უმეტესობა სომხეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ვაღარშაპატში არის დაფიქსირებული, სადაც 46,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მთავრობამ 15 მარტს ქალაქის იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები