კორონავირუსი

ჩიქოვანი: მსურველებს შეუძლიათ, სამშობლოში საქართველოს ან თურქეთის ავიახაზებით დაბრუნდნენ

საქართველოს მთავრობა

საქართველო 18 მარტიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლას კრძალავს. ​პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ექნებათ საშუალება, ისარგებლონ საქართველოს ავიახაზების ან თურქეთის ავიახაზების რეისებით. 

"რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები"- თქვა ირაკლი ჩიქოვანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, გამონაკლისი ეხება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე და არასრულწლოვანი შვილი.

"ჰუმანიტარი მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის აუცილებლობა. მე მხედველობაში მაქვს ექიმები, მოხალისეები.​

სტატუსნეიტრალური პირების, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების და ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად"- თქვა მინისტრმა. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები