კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია იფქლი პურს სრულად შეფუთავს

კომპანია იფქლი

კომპანია "იფქლი" ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პურს 16 მარტიდან სრულად შეფუთულ, თავმოკრულ მდგომარეობაში გაყიდის. 

კომპანიის დირექტორის, არისი ბოჭოიძის, თქმით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებიდან გამომდინარე მიიღო. ბოჭოიძისვე თქმით, ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაღაზიებში შეუფუთავი პურის დაბინძურების რისკი მაღალია. 

"ვიზიარებთ მომხმარებლების შიშს და მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად შევფუთოთ ჩვენი
წარმოების ის პროდუქტი, რომელიც აქამდე ნახევრად შეფუთული იყიდებოდა ქსელებში. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებული ცვლილების ფინანსურ ნაწილს კომპანია სრულად იღებს საკუთარ თავზე. სრული შეფუთვების მიუხედავად, არც ერთი დასახელების პროდუქტზე ახლო მომავალში ფასი არ შეიცვლება,"- ამბობს არისი ბოჭოიძე. 

იფქლის ცნობით, პროდუქტის ახალი შეფუთვების ბეჭდვა უკვე დაწყებულია და ის წარმოებაში ეტაპობრივად, 16 მარტიდან ჩაეშვება. შეფუთვის ახალი დიზაინი მაქსიმალურადაა მიახლოებული ძველ ვიზუალთან.

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი საქართველოში 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

კომენტარები