ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას ბენი განცს სთხოვს

ბენი განცი და რუვენ რივლინი
Getty Images

ისრაელის პრეზიდენტის რუვენ რივლინის ოფისში განაცხადეს, რომ 16 მარტს ის ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს გადასცემს. რივლინმა განცს მანდატი სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგაც მისცა, მას შემდეგ, რაც მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო. მაშინ ეს ვერ განცმა მოახერხა, რის გამოც ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დაინიშნა.

ამჯერადაც უცნობია, შეძლებს თუ არა განცი კოალიციის შექმნას და საკმარისი ხმების მოპოვებას პარლამენტში. გადაწყვეტილების მიღებამდე რივლინმა კონსულტაციები გაიარა ყველა პარტიასთან, ვინც ქნესეთში შესვლა შეძლო. 61-მა დეპუტატმა რეკომენდაცია ბენი განცს გაუწია. სწორედ 61 ხმა არის აუცილებელი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად და სამთავრობო კოალიციის დასამტკიცებლად. განცს მხარი დაუჭირეს არაბულმა პარტიებმა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტიამაც. ლიბერმანმა ამის მიზეზი ასე ახსნა:

"ჩვენ განცს რეკომენდაცია მარტივი მიზეზის გამო გავუწიეთ. ბოლო არჩევნებზე ვთქვით, რომ მთავარი იყო არჩევნების მეოთხედ ჩატარება აგვეცილებინა თავიდან."

ნეთანიაჰუს ლიკუდს და მის მოკავშირეებს კი მხოლოდ 58 ხმა აქვთ.

ნეთანიაჰუმ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში წამოაყენა იდეა 6 თვით საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი მეთაურობით მთავრობის დანიშვნის თაობაზე, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს კრიზისი. პარალელურად, ვირუსის გამო 2 თვით გადაიდო მისი სასამართლო პროცესიც. პროცესი 17 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 24 მაისამდე გადაიდო.

ისრაელში ამჟამად ახალი კორონავირუსის 193 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ვირუსის გავრცელებისათვის ხელის შესაშლელად ისრაელში ყველა კაფე, რესტორანი და კინოთეატრი დაიხურა. თავად ნეთანიაჰუს სიფრთხილის მიზნით კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. მას ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები