შშმ პირთა უფლებები

"მოძრაობა ცვლილებებისთვის" პარლამენტს შშმ პირებზე კანონპროექტის განხილვის გადადებას სთხოვს

მოძრაობა ცვლილებებისთვის

შშმ პირთა უფლებადამცველების გაერთიანება "მოძრაობა ცვლილებებისთვის" პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გადადებას სთხოვს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა 16 მარტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

"მოძრაობა ცვლილებებისთვის" აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გამო სპეციალური რეჟიმები, მათ შორის დისტანციური მუშაობა მოქმედებს და ამ პირობებში სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყო პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში ამ ცვლილებებზე მუშაობა.

"როდესაც საქმე ეხება შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონს, აუცილებელია, განხილვებში შშმ თემის წარმომადგენლები, მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული. თუმცა, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციებით შშმ პირები კორონავირუსის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, ისინი მკაცრად უნდა მოერიდონ შესაძლო ინფიცირების ადგილებს. ამ პირობებში პარლამენტში დადგენილი განხილვა სრულიად გაუგებარია. მეტიც, ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება შშმ თემის გარეშე აღნიშნული ცვლილებების განხილვა", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის";
  • საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • EMC - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • პლატფორმა “ახალი შესაძლებლობებისთვის”;
  • პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის;
  • PHR -პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
  • ფონდი “აურეს" - Autes Foundation

კომენტარები