შშმ პირთა უფლებები

შშმ ქალების უფლებრივი მდგომარეობის აქტუალიზაციისთვის დისკუსია გაიმართა

ივეტა წითაშვილის დაჯილდოება
UNDP GEORGIA

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ასევე გამოვლინდა კონკურსის "საუკეთესო სტატია/სიუჟეტი შშმ ქალის უფლებების თაობაზე" გამარჯვებულები. საუკეთესო ბლოგისთვის ივეტა წითაშვილი და საუკეთესო სტატიისთვის – ნესტან ჩაგელიშვილი დაჯილდოვდნენ. აღნიშნული კონკურსი გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში"–ს მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, ქვეყანა, რომელიც გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის პროცესშია, ვალდებულია ყველა ზომას მიმართოს, რათა მისი მოქალაქე შშმ ქალების (გოგოების) სრულყოფილი განვითარება, წინსვლა, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მოხდეს.

"1. წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები
და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და მათ მიერ
ადამიანის უფლებებით და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით თანასწორუფლებიანი
სარგებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება;

2. წევრმა სახელმწიფოებმა ყველა შესაბამის ზომას უნდა მიმართონ ქალების
სრულყოფილი განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და
მათთვის ამ კონვენციით გამყარებული ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური
თავისუფლებით თანასწორად სარგებლობის გარანტირებისათვის", – ნათქვამია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე–6 მუხლში.

შეგახსენებთ, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა და ის 2014 წლის 12 აპრილიდან ძალაში შევიდა.

კომენტარები