ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს, 14 მარტს პრემიერთან შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 4 საავადმყოფო დაიცლება და მზადყოფნაში იქნება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. ეს საავადმყოფოებია: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა(ყოფილი მე-8 საავადმყოფო), რესპუბლიკური საავადმყოფო და გორის ჰოსპიტალი, ასევე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ნაწილი.
ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში ამის საჭიროება არ ასებობს, თუმცა საავადმყოფოები წინასწარ იქნება მომზადებული პაციენტების მისაღებად. აქამდე კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
მისივე თქმით, მთლიანობაში 440 საწოლი ხვალიდან უკვე გათავისუფლებული იქნება და მზად იქნება პაციენტების მისაღებად.
"არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს." - ამბობს ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა, რომ კერძო კლინიკებთან არის მოლაპარაკება, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოყოფენ რესურსს პაციენტების მისაღებას.
"როგორც პრემიერმა თქვა, წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელებთან: ევექსი, ავერსი, ნიუ ჰოსპიტალსი, ღუდუშაურის საავადმყოფო და კიდევ სხვებთანაც მიღწეულია შეთანხმება, რომ გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს. და მოთხოვნიდან ორ დღეში იქნება დაცლილი," - ამბობს ცერცვაძე.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა გამოვლენილი. 27 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, სამი კი საჩხერის საავადმყოფოში.





