კორონავირუსი

ჯაღმაიძე: გვაქვს სადეზინფექციო ხსნარის მარაგი, ეკლესიები საჭირო რაოდენობას მიიღებენ

პირველი არხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპარიარქოს სადეზინფექციო ხსნარის მარაგი აქვს და ეკლესიებს შეუძლიათ, მათთვის საჭირო რაოდენობის ხსნარი დღეიდან, 14 მარტიდან, მიიღონ. 

ჯაღმაიძის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით ხსნარი იმ კომპანიისგან შეიძინეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების დეზინფექციას ახდენს. 

"ამის გარდა, ყველა სხვა რეკომენდაციას გულდასმით მოვუსმენთ და გავითვალისწინებთ, ხოლო თუ რაიმე ახალი განსაკუთრებული რეკომენდაცია გაიცემა, ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. ჯერ-ჯერობით ყველა არსებულ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ", - წერია განცხადებაში. 

რაც შეეხება ზიარების წესს, ჯაღმაიძე კვლავ აღნიშნავს, რომ წესის შეცვლა არ იგეგმება.

"ის, რაც მოხდა ჩინეთში, ის, რაც მოხდა ირანში, არ შეიძლება ერთი ბარძიმადან ზიარებას დავაბრალოთ, მრავალი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ის. 

ჯაღმაიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარანტია იმისა, რომ ვეზიარებით და არაფერი დაგვემართება, არასწორია:

"ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. ადამიანი შესაძლოა სხვადასხვა გზით დაავადდეს, თუნდაც ზიარების რიგში დგომისას ან ვიღაცისგან გადაედოს." 

ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ზოგიერთმა ეკლესიამ მრევლს ურჩია, დისტანცია დაიცვან და ხელზე მთხვევისგან თავი შეიკავონ, ასევე, მათი ინფორმაციით, საუბარი იყო ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებაზეთ, თუმცა, არა ზიარების წესის შეცვლაზე. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა. 

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

კომენტარები