12 მარტს სინგაპურში ყველა მეჩეთის, სულ მცირე, ხუთი დღით დახურვის და ღრმა დეზინფექციის გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. მრევლის ორი წევრი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მეზობელ მალაიზიაში ისლამურ კონფერენციაზე დაავადდნენ.
სინგაპურის ისლამურმა რელიგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მეჩეთები 13 მარტიდან დაიხურება. სინგაპურში ამოწმებენ 90 მოქალაქეს, რომლებიც კუალა ლუმპურში სამ-დღიან რელიგიურ ღონისძიებას ესწრებოდა.
სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ 9 ახალი შემთხვევიდან 2 პირი სწორედ ამ ღონისძიებას ესწრებოდა. მალაიზიაში რელიგიურ ღონისძიებაზე დაინიფიცირებას 12 შემთხვევას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო ბოლო რამდენიმე კვირაში სინგაპურის არაერთმა რელიგიურმა ჯგუფმა შეკრებები გააუქმა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ქალაქ-სახელმწიფოში, სადაც დაახლოებით 5 612 000 ადამიანი ცხოვრობს, ახალი კორონავირუსით დაავადების 178 შემთხვევა დადასტურდა - 96 უკვე გამოჯანმრთელდა, 82 პაციენტიდან კი 12-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. სინგაპურში ახალი კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
სინგაპურში კორონავირუსი პირველად 23 იანვარს დადასტურდა, დაახლოებით ამ პერიოდიდან ჩინეთში დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და რამდენიმე ათობით ათასს მიაღწია.
სინგაპურმა ვირუსის შეკავებისთვის თავიდანვე აგრესიული ზომები მიიღო - ჯერ კიდევ 2 იანვარს სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ ვუხანიდან აეროპორტში ჩამომსვლელებისთვის ტემპერატურის გაზომვა დაიწყო, ჯანმო-მ ახალი კორონავირუსის აღმოჩენა 31 დეკემბერს დაადასტურა. 20 იანვარს ეს მთელი ჩინეთიდან ჩამოსულებს შეეხოთ. 22 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულებს, რომლებსაც დაავადების სიმპტომი აღენიშნებოდათ, კარანტინში მიჰყავდათ. 23 იანვრიდან სინგაპურულმა ავიახაზებმა, მსოფლიოში ერთერთმა პირველმა, ვუხანთან ფრენები შეწყვიტა. 1 თებერვლიდან გასული 14 დღის მანძილზე ჩინეთში მყოფ პირებს სინგაპურში აღარ უშვებდნენ. მარტის დასაწყისიდან ირანიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან შემოსვლა აიკრძალა. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ სინგაპურელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა დაევალათ.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურში ორ პირს, რომლებმაც თავიანთი მოგზაურობის ისტორიის შესახებ მოიტყუეს ვიზა გაუუქმეს. ასევე, პირმა, რომელმაც კარანტინი დაარღვია და სინგაპური დატოვა მოქალაქეობა ჩამოართვეს და დაბრუნება აუკრძალეს.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2 800-ზე მეტ კაცს, რომლებსაც დაინფიცირებულებთან კავშირი ჰქონდათ, კარანტინი დაუწესეს.
სინგაპურის მთავრობა დაავადებულებზე სხვა პაციენტებთან კავშირს, სავარაუდო გავრცელების ადგილს, მათ საცხოვრებელ მისამართებს ასაჯაროვებს.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 716-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 127 769 შემთხვევა, აქედან 68 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით 80 796 ადამიანი დაავადდა. აქედან 62 813 პაციენტი, ვისაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ, გაწერეს. გარდაცვლილია 3 169 ადამიანი. 14 814 პაციენტი მკურნალობას კვლავ განაგრძობს, აქედან 4 257-ის მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია.
ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 12 462 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 827 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.
რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება.