ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ - სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა:
- საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები,
- საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი,
- ხელბურთელთა ჩემპიონატი,
- ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.
საქართველოს მთავრობის და რაგბის კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო - რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაუქმდა.
ამასთან, გაუქმდა ან გადაიდო მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც.