საქართველოში კორონავირუსის 24-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა. მისივე თქმით, აქამდე 519 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. დადასტურებული შემთხვევებიდან ორი ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება. 24-ე პაციენტიც იტალიასთანაა დაკავშირებული. თუმცა, გამყრელიძე ჯერ დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ინფორმაცია ჯერ საავადმყოფოს, ხოლო შემდეგ ოჯახს უნდა მიეწოდოს.
უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება.





