კორონავირუსი

ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქია.

"ეს არის ერთი წყარო - მოგზაურობაში ერთად იყვნენ, ოჯახი იყო ერთად წასული. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ბავშვის მდგომარება ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში და, იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში", - თქვა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პლევრიტი აქვს, ეზუგბაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, "არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად არ უარესდება".

მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტირებას 6 პაციენტს ჩაუტარებენ. 

საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა არის გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული 12 წლისაა.

კომენტარები