აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ჯო ბაიდენმა მიჩიგანის, აიდაჰოს, მისისიპის და მისურის პრაიმერებში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი
Getty Images

10 მარტს აშშ-ის 6 შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერი გაიმართა, რომელშიც ჯამში 352 დელეგატი უნდა გადანაწილდეს. მიჩიგანის, აიდაჰოს, მისისიპის და მისურის შტატებში პრაიმერის შედეგები თითქმის სრულად დათვლილია და გამარჯვება ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა. ჩრდილოეთ დაკოტასა და ვაშინგტონში ამ დროისთვის მისი მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი ლიდერობს.

დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ. ამ დროისათვის ბაიდენს 823 დელეგატი ჰყავს, სანდერსს 663.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

კომენტარები