თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინდელი დღის განმავლობაში 33 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. მათ ნაწილს საკარანტინე ზონაში აკვირდებიან და ნაწილი კი თვითიზოლაციაშია.
რაც შეეხება იმ პაციენტებს, ვისაც აქვს კორონავირუსი, ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი პაცინეტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება, სხვა პაციენტების შემთხვევაში კი, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.
"გუშინ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება და არ გაუარესდება მისი მდგომარეობა. ამის გარდა სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მხოლოდ დაბალი ცხელება აქვთ, ან სურდო ან ყელის ტკივილი," - ამბობს ეზუგბაია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, გამოიჩინონ მაღალი პასუხიმგებლობა და ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზზოლაციაში.
"განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან, კორეა, ჩინეთი, იტალია, ირანი, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა რაოდენობა, ყველა ადამიანი ვინც დაბრუნდება, გამოიჩინოს მაღალი პასუხიმგებლობა და იყოს თვითიზოლაციაში ბინაზე, ეს არის ყველაზე საუკეთესო საქციელი, პროცესი რომელიც შეამცირებს დაავადების გავრცელებას," - ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.





