არჩევნები 2020

პრეზიდენტი უგულავაზე: თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, მივიღებ შეწყალების აქტს

"თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი", - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გიგი უგულავას საქმეზე უპასუხა. პრეზიდენტის თქმით, "შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით".

"ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

გიგი უგულავა 10 თებერვლიდან საპატიმროში იმყოფება. მას საქმეზე, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა.

8 მარტის შეხვედრაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც შეთანხმდა. ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ისაუბრეს.

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად "პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს". 

კომენტარები