არჩევნები 2020

ოპოზიციის საერთო განცხადება არჩევნებზე ხელისუფლებასთან შეთანხმებასა და პოლიტპატიმრებზე

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემაზე, ხელისუფლებასთან შეთანხმებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საერთო განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია:

"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა. დიდი მადლობა აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ასევე საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ ამ შეთანხმების მისაღწევად.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია, მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი, ამ შეთანხმების შესრულება იქნება.

ქართული საზოგადოების დაკვეთა სრულად პროპორციული არჩევნების მიღწევა იყო. 20 ივნისსა და შემდგომ პერიოდში აქტივისტთა ახალი თაობის ძალისხმევით, მთელი საზოგადოება გაერთიანდა, პროპორციული არჩევნების მისაღწევად.

ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესი სრულად პროპორციული არჩევნების მიღება იყო და ასეთად რჩება, მაგრამ გვესმის, რომ ამ საკითხზე გონივრული კომპრომისის მოძებნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ასეთი კომპრომისი მოიძებნა.

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია არამარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის (120/30ზე) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადები.

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო. ოპოზიცია მათ ბუნებრივია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს. თუმცა, მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები. პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები.

არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ თუ რომელ გზას დაუჭერენ მხარს.

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან. არასდროს დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა და დავამკვიდროთ მრავალპარტიული პარლამენტარიზმის ტრადიცია".

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები