არჩევნები 2020

კობახიძე: საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ინიციატივას მაქსიმუმ 11 მარტს დავარეგისტრირებთ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტში მაქსიმუმ 11 მარტს წარადგენს.

"არის იქ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, შეიძლება ხვალ შეთანხმდეს, შეიძლება ზეგ შეთანხმდეს, მაქსიმუმ ოთხშაბათს დაინიცირდება, თუმცა, ეს შეიძლება, ხვალაც მოხდეს" - თქვა კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება - ამას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები