თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ეზუგბაიას თქმით, 44 წლის მამაკაცს ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, კარგია და დაავადება არ პროგრესირებს.
"მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და რომელსაც მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება გრძელდება. რენდგონოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე მაინც შეფასდა, როგორც ფილტვის ანთება და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა.
ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით" - ამბობს ეზუგბაია და აღნიშნავს, რომ დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია.
"ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა, ზოგთან სხვა გამოვლინება. კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების, რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება" - თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დასტურდება.





