კორონავირუსი

როგორ უნდა დაიცვან თავი კორონავირუსისგან ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა

abcnews.go.com/ocbreastfeeding.com

გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსული და მეძუძური ქალებისთვის კორონავირუსისგან დაცვის ზოგად რეკომენდაციებს ავრცელებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID 19-ის მიმართ, თუმცა, ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.

UNFPA-ში ამბობენ, რომ ეპიდემიის დროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მნიშვნელოვანი საკითხია.

"უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ ფუნქციონირებად ჯანდაცვის სისტემებსა და ინფექციის მიმართ დადგენილი სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვაზე. [...]  სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე", - აღნიშნავენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.

მათი რეკომენდაციები შემდეგია:

  • ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ.
  • ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
  • მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
  • სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.
  • თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები