ფრენები იტალიიდან

მინისტრის მოადგილე: კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობების  შეზღუდვას დიდი ეფექტი ვერ ექნება

ჯანდაცვის სამინისტრო

"ვინაიდან, რისკი გაიზარდა და თანაბრდება ევროპის რეგიონში, რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობების  განსაკუთრებით შეზღუდვას რაიმე დიდი ეფექტი ვერ ექნება," - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს იტალიიდან ფრენების შესაძლო აკრძალავასთან დაკავშირებით.

გაბუნიას თქმით, სამინისტრო მიყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს აძლევს რეკომენდაციას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისგან. 

"ინფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში იზრდება და ვრცელდება. საფრანგეთშიც ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევები იზრდება გერმანიაშიც. კონკრეტულად ფორმულაში ჩასმა ძალიან ძნელია, შეფასდება ზოგადად რისკი ევროპის რეგიონისთვის და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას იტალიის თაობაზე," - ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტრომ 5 მარტს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოავლინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაკავშირებული იყო მეოთხე, 4 მარტს იდენტიფიცირებულ პირთან. ექვსივე მათგანი სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდა იტალიაში. 

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში. 

ერთის გარდა, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი და კარგია".

კომენტარები